სად გადადის მასწავლებლის სახლი

პუბლიკა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი შენობას იცვლის, არსებული შენობა კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) გადაეცემა.

„პუბლიკას“ მასწავლებლის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში შენობიდან გადასვლის ინფორმაცია დაუდასტურეს და განგვიცხადეს, რომ ახალი მისამართი მეტრო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კიბერნეტიკის ინსტიტუტის მე-7 სართულია.

მათივე ინფორმაციით, თანამშრომელთა ძირითადი ნაწილი სამ თვეზე მეტია დისტანციურად მუშაობს, ამჟამად კი ახალ შენობაში გადაბარგების პროცესი მიმდინარეობს, რაც უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს.

ცენტრმა უკვე ყოფილი შენობიდან ავეჯისა და სხვა ნივთების ჩამოტანის, სატვირთო ავტომანქანაზე დატვირთვის, გადაზიდვისა და ახალ ოფისში მიტანა და დაკომპლექტებისთვის გამარტივებული შესყიდვა 18 ივნისს გამოაცხადა.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სარგებლობის უფლებით გადაეცემა სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობა მდებარე ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქ. N 4. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შენობა უნდა გადავცეთ უმოკლეს ვადებში, რის გამოც მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, ელექტრონული ტენდერის ჩატარების გზით მოვახდინოთ გადაზიდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა“,- ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელიც შესყიდვის გადაუდებელ აუცილებლობას ასაბუთებს.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება მიღებულია უახლოესი ხანების წინ. ცენტრს წინასწარი ინფორმაცია  შენობის დატოვებასთან დაკავშირებით არ ჰქონია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის შენობაც თბილისში 2011 წელს გაიხსნა.