„ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და მისი თანმხლები პირები: ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ჯუბა ლოლაძე პოლიციამ ვარაზისხევზე შეაჩერა და საბუთები მოსთხოვა.
ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ლაივი ჩართო, სადაც ჩანს, რომ მათთან სამი საპატრულო ეკიპაჟია მისული. პოლიციელებმა თქვეს, რომ მათ უფლება აქვთ, გააჩერონ, შეამოწმონ, მოითხოვონ საბუთები და დაათვალიერონ მანქანა.
მას შემდეგ რაც კუპრაძემ პოლიციელებს უთხრა, რომ იყო პოლიტიკოსი და ჰკითხა, რა საფუძვლით გააჩერეს, პოლიციელმა უთხრა:
„რახან პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენთ, რამე პრივილეგიით სარგებლობთ?“
ამის შემდეგ კი მისი და მისი თანმხლები პირების გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
კუპრაძის პირდაპირი ეთერი მაშინ შეწყდა, როცა პოლიციელებმა მათი მანქანაში ჩასმა დაიწყეს.
„სად უნდა წამოვიდე, პოლიციაში რატომ უნდა გადავიდე?“, – იკითხა კუპრაძემ, რის შემდეგაც პირდაპირი ეთერი შეწყდა.
კუპრაძესთან ერთად იმყოფებოდა ოთო ფარულავა, რომელსაც ასევე პირდაპირი ეთერი ჰქონდა ჩართული.
ფარულავა ეკითხება პოლიციას, რატომ და სად გადაყავთ, რაზეც პოლიცია მას მოუწოდებს, მანქანაში ჩაჯდეს და დაემორჩილოს კანონიერ მოთხოვნას.
„პუბლიკა“ ინფორმაციის მისაღებად შსს-ს დაუკავშირდა. მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.
განახლება: განყოფილებაში გადაყვანიდან, დაახლოებით, საათ-ნახევარში, ოთხივე პირი გაათავისუფლეს. პოლიციის დატოვების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ჩამოართვეს ლაზერი, რომელსაც პარლამენტს ანათებდნენ, მისი ფლობისთვის 2000 ლარით დააჯარიმეს ბექა ბერიძიშვილი, ხოლო საქმის წარმოება დაიწყეს დანარჩენი სამი პირის მიმართ.