„გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა სწორედ როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ, და ახლა უკვე ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, გილოცავთ ჩვენს გამარჯვებას. გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა. გამოვიარეთ ურთულესი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე, რამაც ყველა სირთულის დაძლევის შესაძლებლობა მოგვცა“,- განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 14 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე.
ევროკავშირი ასევე გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც ის დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.
„ეს არის მათი ხალხისა და ჩვენი კონტინენტის მიმართ რწმენის შესახებ მკაფიო სიგნალი”. – დაწერა შარლ მიშელმა.