„15 ივნისიდან ნამდვილად არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ მე გავაგრძელო საქმიანობა როგორც საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოს მისიაში, ასევე ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში, რომელიც არის ძალიან საპატიო, ძალიან საპასუხისმგებლო და ძალიან კომპლექსური მანდატი“, – შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.
მისი თქმით, 15 ივნისამდე ციხელაშვილი აგრძელებს საქმიანობას, როგორც სახელმწიფო მინისტრი.
„ახლაც ვიმყოფები ოძისში და ვაპირებთ ძალიან აქტიური კამპანიის ჩატარებას გამყოფი ხაზების სრულ პერიმეტრზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოსახლეობას ჰუმანიტარული სხვადასხვა პაკეტით და არამხოლოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდ 19-ის ფონზე არ წყდება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ბორდერიზაცია. მე ახლაც ყოველდღე მთელი ენერგიით და მომავალშიც ყველგან, სადაც არ უნდა ვიყო, დავიცავ ჩემი სამშობლოს, ჩემი სახელმწიფოს და ჩემი ხალხის ინტერესებს”, – აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი.
ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის პოსტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში 2016 წლის აგვისტოდან იკავებდა.