საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბუკნარში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს ისტორიული სინამდვილე და სიმდიდრეა და რომ მთავრობა იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების შესრულებისა.
„არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქის უფლებები რამე სახით იყოს შეზღუდული, თუმცა ასევე არავის არ მივცემთ უფლებას, რომ უკანონო ქმედებებით რამე სახის პროვოცირება გაუწიონ რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.
შსს-ს უკვე აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება მცდელობა, ელემენტარული მარტივი მცდელობა, რომ რელიგიურ ნიადაგზე ხელი შეეწყოს ან პროვოცირება მოხდეს ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების, შსს და სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად“, – განაცხადა გახარიამ.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის, რელიგიურ ნიადაგზე, ფიზიკური დაპირისპირება 12 იანვარს მოხდა. მუსლიმი თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაპირისპირების მიზეზი სოფელში ნაყიდი საცხოვრებელი სახლი გახდა, რომელსაც სალოცავად იყენებენ. მათი თქმით, ადგილობრივი მუსლიმების ამ სურვილს ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან და მათ გამუდმებით ემუქრებიან.
12 იანვარს დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის, არასრულწლოვნებიც; 2 მათგანი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებით საავადმყოფოშიც გადაიყვანეს. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
ლოცვის უფლების მოთხოვნით მუსლიმი თემის პროტესტი 13 იანვარს გაგრძელდა. საღამოს ჩოხატაურის მერიის შენობაში მხარეებს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა ისინი აცხადებდნენ, რომ შეხვედრამ შედეგი არ გამოიღო და მის ხელახლა გამართვას მოითხოვდნენ, სასულიერო პირებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩართულობით
შეხვედრის მეორე რაუნდი 14 იანვარს ჩატარდა. მისი დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, დღეს პარასკევის ლოცვის შემდეგ, მუსლიმი და ქრისტიანი თემის წევრების შეხვედრა გაიმართება.