სადაც ხალხი იქნება, იქ უნდა იყოს მთავრობაც - მიტროპოლიტი გრიგოლი სააღდგომო ლიტურგიაზე

პუბლიკა

„ცოტა უცნაურია, მთავრობის წევრები, რომლებიც ყოველთვის ესწრებოდნენ [სააღდგომო ლიტურგიას], აცხადებენ, რომ ჩვენ ტელევიზიით ვუყურებთო. ეტყობა, ამით უნდათ, რომ მაგალითი მისცენ მოსახლეობას. პრობლემა აქ არის სწორედ ნდობის დეფიციტში და ეს ქმნის გარკვეულ სირთულეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ სადაც ხალხი იქნება, იქ უნდა იყოს მთავრობაც. თუ დიდძალი ხალხის დაინფიცირების საფრთხე არსებობს, ამ საქმეში წინა რიგში უნდა იყოს ის ხალხი, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს ამაზე“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

შეკითხვაზე, ჩატარდება სააღდგომო წირვა-ლოცვა და მიმდინარეობს თუ არა აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება ხელისუფლებასა და საქართველოს პატრიარქს შორის, მიტროპოლიტი გრიგოლი პასუხობს:

„ამ წუთას რა მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუ არ მიმდინარეობს პატრიარქსა და მთავრობას შორის, ვერ გეტყვით, მაგრამ ამ საგანგებო ვითარებაში ერთადერთი ადამიანი ალბათ, ვისაც შეუძლია, ეს პასუხისმგებლობის ტვირთი აიღოს და ამცნოს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება, ეს იქნება კათოლიკოს-პატრიარქი”.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მთავრობა საპატრიარქოსთან „დაბალანსებულ გამოსავალს“ იპოვის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, თუმცა თავად აპირებს, რომ წირვას თვალი სახლიდან მიადევნოს და მოქალაქეებსაც ამისკენ მოუწოდებს. მსგავსი პოზიცია გამოხატეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც.