სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები დიპლომატებს შეხვდნენ და არჩევნებზე მათ მიერ გამოვლენილი დარღვევები გააცნეს

პუბლიკა

სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „სამართლიანმა არჩევნებმა“ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ერთობლივი პრეზენტაცია წარუდგინეს.

„ჩემი ხმის“ ცნობით, სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, ასევე მიაწოდეს ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს და სავარაუდო გაყალბების სქემას. სადამკვირვებლო მისიებმა დიპლომატებს გააცნეს არჩევნების დღეს თითოეული მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები, სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ასევე ინფორმაცია მათ მიერ არჩევნების დღეს და შემდეგ პერიოდში საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების შესახებ. პრეზენტაცია მოიცავდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებს. სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებმა ასევე პასუხი გასცეს დიპლომატიური კორპუსის წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს გამოვლენილი დარღვევებისა და განხილული საჩივრების შესახებ. შეხვედრაზე გამოიკვეთა საერთაშორისო პარტნიორების მაღალი ინტერესი და მათ გამოთქვეს მზადყოფნა, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესს“, – წერია განცხადებაში.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

4-მა ოპოზიციურმა გაერთიანებამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერმა საქართველომ” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას და უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე. 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.