სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ჩანაცვლება ზრუნვაზე ორიენტირებული მიდგომით, გამოწვევად რჩება - ომბუდსმენი

პუბლიკა

მკაცრი და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით ჩანაცვლება, რაზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებს ყურადღებას საპარლამენტო ანგარიშებში, კვლავ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია ომბუდსმენის 2020 წლის ანგარიშში – საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. გთავაზობთ ანგარიშიდან ნარკოპოლიტიკის თავს:

ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობები:

„2021 წლის 5 მარტს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით, 8 ნარკოტიკული ნივთიერებისათვის მცირე ოდენობები განისაზღვრა. კანონის მანამდე მოქმედი რედაქცია ამ ნარკოტიკული საშუალებებისათვის არ განსაზღვრავდა მცირე ოდენობებს, რის გამოც მათი ნებისმიერი უმცირესი რაოდენობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევდა. ამ თვალსაზრისით, მიღებული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არასაკმარისი, რადგან ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების განსასაზღვრად კანონმდებელმა აიღო ეპიზოდური მომხმარებლის ერთჯერადი დოზა, რის გამოც რეგულარული მომხმარებლები მის მიღმა დარჩნენ და ყველა ჯერზე სისხლის სამართლის დამნაშავეებად ჩაითვლებიან.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შეცვალოს მიდგომა როგორც ამ კონკრეტულ ნარკოტიკულ საშუალებებთან, ისე სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებითაც და მცირე ოდენობებად განსაზღვროს რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზა. ასეთი სიღრმისეული ცვლილება საშუალებას მოგვცემს, მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით ჩავანაცვლოთ, ხოლო ნარკოდამოკიდებული განიხილებოდეს პაციენტად და არა სისხლის სამართლის დამნაშავედ.

აღსანიშნავია, რომ ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია აღიარებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის საჭიროებას. ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განსაზღვრის კონტექსტში, ამაში იგულისხმება კანონმდებლის მიერ დღემდე გამოყენებული ფორმულის ცვლილება და ეპიზოდური მომხმარებლების ერთჯერადი დოზის ნაცვლად რეგულარული მომხმარებლების დღიურ დოზაზე ორიენტირება.

მტკიცების დაბალი სტანდარტი ნარკოდანაშაულზე

გასული წლის ანგარიშში, სახალხო დამცველი მიუთითებდა საერთო სასამართლოების პრობლემურ პრაქტიკაზე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით, კერძოდ კი, სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას მტკიცების დაბალი სტანდარტის არსებობაზე. ამ მხრივ, საანგარიშო წელს მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკის კანონიერების შეფასებისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მხოლოდ ჩხრეკის ჩატარების მომენტისთვის არსებული ვითარება და ჩხრეკის შედეგს არ უნდა მიენიჭოს მნიშვნელობა. საკონსტიტუციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ სამართალდამცავები ვალდებულები არიან, გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა. ამავე დროს, უშუალოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღმა, უნდა არსებობდეს სხვა ფაქტი თუ ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის დასაბუთებულობაზე მიუთითებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით შემოიტანა, ის არის, რომ სავალდებულო გახადა, უშუალოდ ჩხრეკის ჩატარების პროცესი და მოპოვებული მტკიცებულება, გამყარებული იყოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით, იქნება ეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ამ საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენება, თუ სხვა ობიექტური მტკიცებულება. სხვა შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე არ უნდა დაიშვას. სახალხო დამცველი მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია სამართლიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად.

ნარკოტესტირება

ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სარჩელით (რეგისტრაციის № 697) მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ სამართლებრივი აქტების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით, რომლებითაც პოლიციის თანამშრომლებს მინიჭებული აქვთ უფლებამოსილება, პირი, ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე შემოწმების მიზნით, მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანონ საექსპერტო დაწესებულებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინა არგუმენტები, რომლებიც ასაბუთებენ მოქმედი წესის არაკონსტიტუციურობას ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით. სხვა საკითხებიდან აღსანიშნავია, რომ ნარკოტესტირების შემთხვევაში იზღუდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით დადგენილი თავისუფლების გარანტია, ასევე, პირის უფლება, არ მისცეს თავისი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, რადგან მას უწევს თავისი ბიოლოგიური მასალის სწორედ მის მაინკრიმინირებლად გამოყენება. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ამ სარჩელის არსებითი განხილვა დასრულდა, 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, გადაწყვეტილება კვლავ არ არის გამოტანილი.

ნარკოპოლიტიკის პლაფტორმის მიერ მომზადებული კანონპროექტი

გასულ წლებში სახალხო დამცველი მხარს უჭერდა 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობითა და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) მიერ  ინიცირებულ კანონპროექტს, რადგან იგი ყველაზე მეტად იყო თავსებადი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებთან. სახალხო დამცველმა კანონპროექტის დროული განხილვისა და მიღების მიზნით, წინა წლის საპარლამენტო ანგარიშებში, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

სამწუხაროდ, საქართველოს 2021 წლის 18 თებერვლის პარლამენტის დადგენილებიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ კანონპროექტს, 2020 წლის მოწვევის პარლამენტი აღარ განიხილავს, ვინაიდან მიზანშეწონილად არ ცნო მისი განხილვის გაგრძელება. შესაბამისად, ამ კანონპროექტის განხილვის პროცესი პარლამენტში დასრულებულია.

წინადადებები საქართველოს პარლამენტს: 

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება და ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობები ჩამოყალიბდეს არა ეპიზოდური მომხმარებლის ერთჯერადი დოზის, არამედ რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზის გათვალისწინებით;

ინიცირება გაუკეთდეს ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილებების რეფორმის კანონპროექტს, რომელიც დაეფუძნება მომხმარებლებზე ზრუნვას და ორიენტირებული იქნება სამედიცინო სერვისების განვითარებაზე”, – აღნიშნულია ანგარიშში.