სადარბაზოები და ლიფტები თქვენი საკუთრებაა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება - კალაძე მოსახლეობას

პუბლიკა

მეგობრებო, სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მერია მზად არის, საცხოვრებელ კორპუსებში, მათი თანადგომით, მხარდაჭერითა და თანადაფინანსებით, სხვადასხვა პროექტი განახორციელოს.

„პირველ რიგში ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, რაც მოხდა. მე მინდა, განმარტებები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით, რადგან იყო მცდელობა, იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ სიცრუის გავრცელებას – საუბარი იყო მერიის დადანაშაულებაზე, საუბარი იყო ჩვენი სამსახურების დადანაშაულებაზე. შეიძლება ბევრმა არ იცის რეალობა, შეიძლება ბევრი ამას მიზანმიმართულად აკეთებს, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, სამწუხაროდ, როდესაც ტრაგედია ხდება მაშინვე იწყება სპეკულაციები და პოლიტიკით გაჯერება კონკრეტული სამწუხარო შემთხვევების“, – განაცხადა კალაძემ.

მან სხდომაზე ასევე მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა წესია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებში უზრუნველყოფილი იყოს ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაცია.

„არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება ტექნიკური რეგლამენტი ლიფტების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ. კერძოდ, „ამხანაგობა“ ვალდებულია ლიფტის უსაფრთხოების მიზნის განახორციელოს მისი პერიოდული ექსპერტიზა და რეგისტრაცია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ობიექტების რეესტრში და თუ ექსპერტიზა გამოავლენს ხარვეზს, მისი აღმოფხვრა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს. მეგობრებო სადარბაზოები და ლიფტები არის თქვენი საკუთრება. ვინც კონკრეტულ სადარბაზოში ცხოვრობს, ლიფტი არის თქვენი საკუთრება და, რა თქმა უნდა, თქვენ უნდა უზრუნველყოთ მისი მოწესრიგება, მისი რეაბილიტაცია-განახლება. თუმცა ჩვენ გვესმის არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები ამ მიმართულებით, არის გაჭირვება, ამიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი პროგრამა იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობას შევუწყოთ ხელი.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ მიმართულებით გარკვეული პროგრამები, რომლებიც გამოხატავს მხარდაჭერას, თანადგომას იმისთვის, რომ თქვენ საცხოვრებელ კორპუსებში, ჩვენი თანადგომით და ჩვენი მხარდაჭერით, ჩვენი თანადაფინანსებით განხორციელდეს სხვადასხვა პროექტი. რა თქმა უნდა, პრიორიტეტებს განსაზღვრავთ თქვენ, კონკრეტულ საცხოვრებელ კორპუსსა თუ სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები“, – განაცხადა კალაძემ.