თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრისა და დაზარალებულების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიის გარდა, მერიაც შეეცდება, დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს.
„ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. ცეცხლი სასაწყობე ჯიხურებზე იყო გავრცელებული. დაიწვა სარეალიზაციოდ გამზადებული ნივთები. იყო იმის საშიშროება, რომ ცეცხლი გადასულიყო ბენზინგასამართ სადგურზე, მაგრამ მეხანძრე-მაშველების მართლა გმირული მუშაობის შედეგად მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია.
ჩვენ თანადგომა გამოვუცხადეთ დაზარალებულ ადამიანებს. გუშინ ვაკვირდებოდით ვითარებას, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევულები იყვნენ ეს ადამიანები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველამ უნდა გაითვალისწინოს და ვიცით უკვე, რომ ეს არის სავალდებულო აუცილებლობა – ასეთი ბაზრობების დაზღვევა, რომ ყველანაირად ავიცილოთ რისკი თავიდან.
სადაზღვევო კომპანიამ გუშინ გამოხატა მზადყოფნა, რომ ყველა დაზარალებულს აუნაზღაურდეს ის დანაკარგი, რაზეც იქნება საუბარი. მიმდინარეობს მოკვლევა, დაზუსტება ყველაფრის. გარდა ამისა, დაზარალებულების თემა ინდივიდუალურად განიხილება, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ, ჩავერთოთ, განვიხილოთ არსებული მდგომარეობა. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ჩვენც დავეხმარებით. პრემიერთან მქონდა საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დაწყებულია გამოძიება და მალე გახდება ცნობილი როგორ გაჩნდა ხანძარი.
ორი დღის წინ თბილისში, ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე არსებული შერეული ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 4000 კვ/მ ფართობზე არსებული სასაწყობე ჯიხურები.