სადგურ „გოცირიძის“ რემონტის დასრულების ზუსტ ვადებს ვერ ვასახელებთ - სატრანსპორტო კომპანია

პუბლიკა

„მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების ზუსტ ვადებს ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რათა საზოგადოება არ შევიყვანოთ შეცდომაში“, – ამის შესახებ „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს.

„როდესაც მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ სამუშაოები დაიწყო, გამოიკვეთა დამატებითი მოცულობითი სამუშაოების ჩატარების საჭიროება, შესაბამისად, მცირე კორექტირებები გახდა საჭირო პროექტირებაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცვლილებების შეტანა და კომპანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულოს სამუშაოები, თუმცა, სამწუხაროდ, გახსნის ზუსტ დროს ვერ ვასახელებთ. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიხსნება, ისევ გააგრძელებს მუშაობას ავტობუსის დროებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძიდან“ მეტროსადგურ „დიდუბემდე“ მიდის. ეს ავტობუსი იმუშავებს მანამდე, სანამ არ გაიხსნება „გოცირიძის“ მეტროსადგური“, – განუცხადეს „პუბლიკას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრესსამსახურში.


5 თებერვალს თბილისის მერია აცხადებდა, რომ მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მიმდინარე სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო სადგური სამი თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურებოდა. სადგური „გოცირიძე“ მაისში უნდა გახსნილიყო.

სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „უცხოური საწარმოს შპს კაიზენის ფილიალი კომპანია“ 3 219 966 ლარად ასრულებს.