თბილისის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მეტრო სადგურის მოედნის და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.
„მუნიციპალურმა ინსპექციამ გარე მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, გახშირდა საავტომობილო გზებზე გადმოსვლის და ტრანსპორტის მოძრაობისათვის ხელისშეშლის ფაქტებიც. აგრეთვე ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობიდან გამომდინარე ანტისანიტარია და გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტებიც ფიქსირდებოდა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც თბილისის მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, აქტიურად ახორციელებენ დედაქალაქში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობის კონტროლს, სხვადასხვა კონსტრუქციების და ნაგებობების უკანონო განთავსებით იერსახის დამახინჯების მონიტორინგსა და საზოგადოებრივი სივრცეების შეზღუდვის აღკვეთას და უკვე „არაერთი ღონისძიება წარმატებით განხორციელდა მსგავსი ფაქტების აღკვეთის Მიზნით.“