საელჩო: ბოჭორიშვილის მოადგილემ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ირანის მიმართ სოლიდარობა გამოხატა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში ესწრებოდა ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას“. ინფორმაციას და ფოტოებს ირანის საელჩო ავრცელებს.

მათი ცნობით, 30 ივნისს და 1 ივლისს საელჩოში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები“.

„მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ. დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

20 ივნისს ირანის საელჩომ გაავრცელა ელჩის განცხადება ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, განცხადებაში წერია:

„რაც შეეხება თეირანის შეფასებას საქართველოს დამოკიდებულებისადმი მიმდინარე კრიზისის პირობებში:

  • ირანის ისლამური რესპუბლიკა ყოველთვის პატივს სცემდა ქვეყნების დამოუკიდებლობას და მათ უფლებას, თავიანთ ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. ირანსა და საქართველოს შორის ისტორიული და მეგობრული ურთიერთობები, როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე.
  • ირანი მნიშვნელოვან მომენტებში, მათ შორის 2006 წლის ენერგოკრიზისის დროს, და აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმებზე, ყოველთვის ქართველი ხალხისა და საქართველოს გვერდით იდგა. ჩვენი პოზიცია ეფუძნება რეგიონული სტაბილურობისა და გაეროს ქარტიის პატივისცემისადმი პრინციპულ მიდგომასა და მტკიცე რწმენას.
  • დღევანდელ პირობებში, როდესაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები — ძალადობის აკრძალვა, ქვეყნების სუვერენიტეტი და სამოქალაქო მოსახლეობის უსაფრთხოება — აშკარად ირღვევა და ადგილი აქვს ღია აგრესიასა და ომის დანაშაულებს, ჩვენი მოლოდინია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის ჩვენი მეგობრები საქართველოში, თავიანთ პოზიციებს ჩამოაყალიბებენ საერთაშორისო სამართლის ამ მტკიცე პრინციპებსა და ჰუმანურ ღირებულებებზე დაყრდნობით.
  • დუმილი ან ისეთი პოზიციების დაკავება, რომელმაც შესაძლოა აგრესორი წაახალისოს თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელებაში, სერიოზულ შედეგებს მოუტანს საერთაშორისო წესრიგსა და რეგიონულ სტაბილურობას.
  • ვიმედოვნებთ, რომ საქართველოც ამ კუთხით პრინციპულ და სამართლებრივად გამართლებულ მიდგომას აირჩევს და ღიად დაგმობს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევებს, რადგან ამ პრინციპების დაცვა ყველა ქვეყნის სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებშია“.

ირან-ისრაელის 12-დღიანი ომი 13 ივნისს დაიწყო, როდესაც ისრალემა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა, მოკლა სამხედრო მეთაურები და მშვიდობიანი მოქალაქეები. ირანმა საპასუხოდ ისრაელის სამხედრო ობიექტებს, ინფრასტრუქტურასა და ქალაქებს რაკეტებით შეუტია. შეერთებული შტატები ომში 22 ივნისს ჩაერთო ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმებით. 24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ტრამპის თქმით, ირანის ბირთვული ობიექტები განადგურებულია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისრაელის „აგრესიის აქტმა მრავალი ომის დანაშაული გამოიწვია“. მან თქვა, რომ ირანი მტკიცებულებებს გადასცემს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც, მისი თქმით, ისრაელი პასუხისგებაში უნდა მისცენ.

ირანის ხელისუფლებამ ორშაბათს განაცხადა, რომ ისრაელთან 12-დღიანი კონფლიქტის დროს სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის 132 ქალი და 38 ბავშვია, ნათქვამია ირანული საინფორმაციო სააგენტოების მიერ ციტირებულ განცხადებაში.

ისრაელის ცნობით, ირანის თავდასხმების შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, ყველა მათგანი ერთის გარდა მშვიდობიანი მოქალაქე იყო, დაიჭრა 3000-ზე მეტი.