დიდი ბრიტანეთის საელჩო X-ზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბრიტანეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
„დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს, საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, 2024 წლის 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ.საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდა.
ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების 21%-ის დათვლის შემდეგ ე.წ. საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაცხადა. ამ მონაცემების მიხედვით „ექსპრეზიდენტის”, ანატოლი ბიბილოვის ოპოზიციური პარტია ლიდერობს.
მეორე ადგილზეა ოკუპირებული რეგიონის ამჟამინდელი ე.წ. პრეზიდენტის, ალან გაგლოევის პარტია, მესამე ადგილზე კი კომუნისტური პარტიაა.