უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან სამუშაო შეხვედრა გააუქმა. საელჩოს ცნობით, შეხვედრის გაუქმების შესახებ სამინისტროდან აცნობეს, თუმცა გაუქმების მიზეზები არ დაუკონკრეტებიათ.
კასიანოვთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებაზე შეკითხვით „პუბლიკამ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. მედიასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელი პირმა გვიპასუხა:
„კასიანოვის ბრიფინგის შემდეგ, როცა დამირეკეს ჟურნალისტებმა მაგ თემაზე და მკითხეს, რომელზე მოდიოდა ჩვენთან, ვუთხარი ასეთი რამ: არ არის შეხვედრა მასთან… იგივე შემიძლია გითხრათ თქვენ“, – განგვიცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დღეს უკრაინის საელჩოში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ანდრეი კასიანოვის განცხადებით, საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს. მაგრამ როგორც ის ამბობს, პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. კასიანოვის თქმით, მრავალრიცხოვანი თხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობისგან არ მიუღიათ პასუხი უკრაინისთვის როგორც სამხედრო, ასევე ორმაგი დანიშნულების სხვა ტექნიკის მიწოდებაზე.