საელჩო: შაჰინისა და ტერნერის ვიზიტის დროს სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო საქართველოში სენატორი ჯინ შაჰინსა და კონგრესმენი მაიკ ტერნერის ვიზიტის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათი ვიზიტის დროს განხილვის საგანი ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არ ყოფილა.

საელჩოში ხაზს უსვამენ, რომ ვიზიტის დროს შეხვედრების თემა იყო აშშ-საქართველოს ურთიერთობა და როგორც სენატორმა შაჰინმა აღნიშნა, ის, რომ ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

„არც დეზინფორმაცია და არც სპეკულაციები უთანხმოების მოგვარებას ხელს არ უწყობს. სენატორი შაჰინისა და კონგრესმენი ტერნერის ბოლო ვიზიტის ფარგლებში ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა. თემა იყო ის, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და ვითარების გამოსასწორებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას. ჩვენ ველით მათ წინადადებას”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

საქართველოში ვიზიტის შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა განცხადება გაავრცელეს. შაჰინი ამბობს, რომ დემოკრატიული უკუსვლისა და აშშ-ის წინააღმდეგ ცრუ განცხადებების ფონზე უმოქმედოდ არ ისხდებიან. ის აღნიშნავს, რომ ვითარების გამოსწორებისთვის პირველი ნაბიჯს საქართველოს მთავრობისგან ელიან.

რაც შეეხება კონგრესმენ მაიკ ტერნერს, ის ამბობს, რომ შეშფოთება, რომელსაც საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო აშშ-ში განიცდიან ორპარტიული და ორპალატიანია.