საელჩოს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებაზე აშშ-ის მონაწილეობა ივანიშვილის განცხადებების გამო გაუქმდა

პუბლიკა

აშშ-ის საელჩოს ცნობით, 26 მაისის ღონისძიებაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობა „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გამო გაუქმდა. ამის შესახებ საელჩომ „პუბლიკას” კითხვის საპასუხოდ აცნობა.

„26 მაისს მთავრობის ღონისძიებაზე აშშ-ის მონაწილეობა გაუქმდა მმართველი პარტიის მიერ აშშ-ის შესახებ ცრუ ნარატივების ფონზე, როგორც ეს იყო წარმოდგენილი „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის 29 აპრილის განცხადებებში.

აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი რჩება და სურს იხილოს საქართველო მტკიცედ ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ამ გზას”, – აცხადებენ საელჩოში.

თავდაპირველად ინფორმაცია გაავრცელა ტელეკომპანია „ფორმულამ”. მანამდე, 26 მაისს ფორმულას გადაცემა დროებაში აღნიშნეს, რომ დამოუკიდებლობის დღის სამხედრო მსვლელობაში ამერიკული კომპონენტი ამოღებული იყო.

აშშ-ის განმარტებას გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რომელმაც თქვა, რომ თუ პოლიტიკოსის განცხადება მსგავსი გადაწყვეტილების საფუძველი ხდება, „ეს მათი გადასაწყვეტია”.

„ეს არის ჩვენი დღეს, რომელსაც აღვნიშნავთ ჩვენ. თუკი რომელიმე მეგობარს უნდა, რომ შემოგვიერთდეს, მოხარული ვიქნებით. თუ ვინმეს არ უნდა, ეს ჩვენი დღეა… თუკი ვინმესთვის პოლიტიკოსის განცხადება არის საფუძველი, რომ თავის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ჯარისკაცებთან ერთად, რომლებიც ტყვიაზე მიდიოდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად ავღანეთში, ამ ფორმატში არ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს, ეს მათი გადასაწყვეტი საკითხია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.