საელჩოს ცნობით, კობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ 11 სექტემბერს გაუგზავნა

პუბლიკა

„3 დღის წინ გამოაგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ გაუქმდა” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ტრადიციულ მიღებაზე მიწვევის გაუქმების შემდეგ. „პუბლიკამ” ინფორმაცია გადაამოწმა აშშ-ის საელჩოში, სადაც განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა ირაკლი კობახიძეს 11 სექტემბერს გაუგზავნა.

აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.

აშშ-ის საელჩოში აღნიშნეს, რომ კობახიძეს მიწვევა ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუუქმა მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების, დეზინფორმაციისა და დასავლეთზე ნეგატიური რიტორიკის გამო.

ცნობისთვის, 17 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.

განცხადების თანახმად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც, კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს”.