საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დაწყებული დავა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, წააგეს. ამის შესახებ კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.
საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელზე, რომელიც 2020 წელს, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად შეიტანეს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პორტის მშენებლობა შეაჩერა.
„ამ შემთხვევაშიც საქართველო გამოვიდა გამარჯვებული ერთი მარტივი მიზეზის გამო – სახელმწიფო ყოველთვის იცავს წესებს, როდესაც მოქმედებს. ეს პრაქტიკა დაინერგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ და სწორედ ამის გამოა, რომ ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში, მათ შორის არბიტრაჟში, საქმეებს იგებს ხოლმე სახელმწიფო, სადაც წარმოებს დავა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებსა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის. ხაზარაძე-ჯაფარიძეც არიან ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, მათაც სცადეს საერთაშორისო არბიტრაჟის გამოყენება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, თუმცა ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვა სიმართლემ და სახელმწიფომ, რომელიც მოქმედებს სამართლიანი წესების შესაბამისად ყველა შემთხვევაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ამ საქმეზე განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა მამუკა ხაზარაძემაც. მან გადაწყვეტილებას „გულდასაწყვეტი უწოდა”.
„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია იმდენად, რამდენადაც ქართველებისთვის ათიათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა. თანამედროვე, დასავლეთის მიერ დაფინანსებული ანაკლიის პორტი, რომელიც დღეს დიდი ხნის აშენებული და ამუშავებული იქნებოდა, საქართველოს მოსახლეობას უზარმაზარ შესაძლებლობებს შეუქმნიდა. პორტი, თუ სწორად განვითარდებოდა, ათიათასობით ღირსეული სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ”, რუსეთის დაკვეთით, წლების განმავლობაში ჯერ შეაფერხა ჩვენი მუშაობა ამ პროექტზე, შემდეგ კი სრულად დაბლოკა მისი განხორციელება.
ხელისუფლება მრავალი წელია აცხადებს, რომ პორტის მშენებლობაზე მუშაობას იწყებენ. ამასობაში კი, ოთხი წელი გავიდა, პორტი ისევ არ არსებობს და ათიათასობით ქართველმა დაკარგა ღირსეული დასაქმების შესაძლებლობა და ქვეყანამ – რეგიონული განვითარების უპრეცედენტო შანსი.
ოქტომბერში ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს მთავრობას ამ წარუმატებლობისთვის. “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ პროექტს განაგრძობენ საეჭვო რეპუტაციის და დასავლეთში სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ერთად, რომელსაც აკონტროლებს კომუნისტური პარტია, რომელიც მხილებულია კორუფციაში, გარემოსთვის ზიანის მიყენებაში, დაუმთავრებელ პროექტებსა და შრომით ექსპლუატაციში.
რაც მთავარია, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილის მაგალითზე ვნახეთ, რამდენი პრობლემა ჩნდება, როდესაც ეს მთავრობა დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინელ კონტრაქტორებს აბარებს. ჩინურ კომპანიებს დაქირავებული მუშახელი უცხოეთიდან ჩამოჰყავთ და შექმნილ სამუშაო ადგილებს ქართველების ნაცვლად უცხოელები იკავებენ.
ჩვენ გვაქვს ანაკლიის სწორ გზაზე დაბრუნების მარტივი გამოსავალი: ეს მთავრობა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ემსახურება, შევცვალოთ პროევროპული კოალიციური მთავრობით, რომელიც საქართველოს ინტერესებს ემსახურება.
ჩვენ დავაბრუნებთ კეთილსინდისიერ დასავლელ ინვესტორებს, დავასრულებთ პროექტს მაღალი დასავლური სტანდარტების შესაბამისად და ანაკლიაში შევქმნით ათიათასობით სამუშაო ადგილს, „მარშალის გეგმის” ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას ქართველებისთვის. ჩვენ ავაშენებთ ანაკლიას!’”, – დაწერა ხაზარაძემ.