„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „პირბადეების საქმეზე“: მათი მიზანია ჩვენი გაჩუმება

პუბლიკა

17 სექტემბერს, ე.წ. პირბადეების საქმეზე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.

გამოკითხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“:

„დაკითხვას სანქცირებული პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი და გამომძიებელი გიორგი ნიქაბაძე უძღვებოდნენ, ხოლო მოსამართლე, სანქცირებული თეონა ეპიტაშვილი იყო.

დაკითხვისას პროკურატურის ძირითადი ინტერესის საგანი იყო:

გადარიცხვები ეკა გიგაურის პირადი ანგარიშიდან სოლიდარობის ფონდში დაჯარიმებული მოქალაქეების დასახმარებლად;

რამდენიმე საწვიმარი ლაბადის და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროევროპული კამპანიებისთვის ორი ხმის გამაძლიერებლის – ე.წ. „რუპორის” შეძენის ფაქტი, რომელთა ჯამური ღირებულება 363 ლარი იყო.

ეკა გიგაურის დასწრება, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართული „რუსული კანონის” გასაპროტესტებელ აქციებზე;

ასევე დეკემბერში საპროტესტო აქციების დარბევების პერიოდში და შემდეგ, მოქალაქეების მსგავსად, რუსთაველის გამზირზე ყოფნის ფაქტი;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ დაკავებულთა სოლიდარობის მიზნით დაანონსებული მანქანების სიგნალების კამპანია და ამ მიზნით ფეისბუქზე განთავსებული ბანერი;

ეკა გიგაურის პლატფორმა X-ზე განთავსებული პოსტი ანტიდემოკრატიული კანონების მიღებისა და რუსული ტიპის მმართველობის დამყარებასთან დაკავშირებით;

ეკა გიგაურის პოზიცია ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით;

გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ორპარტიულ მოსმენაზე ეკა გიგაურის მიერ გაჟღერებული მოსაზრებები.“

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ ეს საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის ფონზე, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ უკვე ექვემდებარება ორმაგ მონიტორინგს – ე.წ. „ფარა”-ს და „გრანტების კანონში” გაზაფხულზე შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, რასაც ზედამხედველობს ანტიკორუფციული ბიურო.

„ეს ფაქტი, თავისთავად, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს საქმე და გამოძიებაც მხოლოდ მმართველი ძალის პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება და არავითარი სამართლებრივი საფუძველი მის წარმოებას არ გააჩნია.

ჩვენი შეფასებით, მმართველი ძალის და მის მიერ მიტაცებულ სახელმწიფო ორგანოთა მხრიდან ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები განპირობებულია იმით, რომ მათი მიზანია ჩვენი გაჩუმება, რადგან დისკომფორტი ექმნებათ ჩვენი ანტიკორუფციული აქტივობით, დემოკრატიის, სამართლიანობისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლით.

თუმცა, ჩვენ ვდგავართ და მტკიცედ ვიდგებით ჩვენი მოქალქეების უფლებების სადარაჯოზე“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

7 აგვისტოს ქართული ოცნების“ პროკურატურამ განაცხადა, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე ყადაღა დაადეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, ISFED-ის, IDFI-ის, GDI-ის, „დემოკრატიის მცველების“, „საფარის“ და „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“, ანგარიშებს.

უწყების თანახმად, ამ ორგანიზაციების დანაშაული იმაში მდგომარეობს, რომ მათი „მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის – სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირებისას“.

პროკურატურა დანაშაულად მიიჩნევს საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების და დაჯარიმებულების იურიდიულ დახმარებასაც.

აქამდე გამოკითხვაზე უკვე იყვნენ ISFED-ის ყოფილი დირექტორი ნინო დოლიძე, მოქმედი დირექტორი ლევან ნატროშვილი, „თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, „საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია, „ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის” ხელმძღვანელი ლელა ცისკარიშვილი.

გამოძიება, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დააყადაღეს, „ქართული ოცნების” პროკურატურაში 2025 წლის 8 თებერვალს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19, 318-ე მუხლის მეორე ნაწილით, 319-ე და 321/1 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

გამოძიება „საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას ეხება”.

ამ გამოძიების ფარგლებში 2025 წლის მარტში დააყადაღეს საქველმოქმედო ფონდების ანგარიშებიც.

„ქართული ოცნების” ეს გამოძიება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომელიც, თავის მხრივ, გამოიწვია ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებამ – კობახიძემ პარტიის სახელით თქვა, რომ „ქართული ოცნება” აჩერებს მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრების შესახებ