„ქართული ოცნების“ დეპუტატი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამოხმაურებები ნიკა მელიას დაკავების გამო საკმაოდ რბილი და მოზომილია.
„საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღმოჩნდა ციხეში და ეს, რა თქმა უნდა, ყოველთვის, ყველა ქვეყანაში იქნება შეშფოთების საფუძველი, თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ ერთ რამეს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ასე არ იქცევიან, როგორც საქართველოში. ამიტომ ეს კრიტიკა იყო მოსალოდნელი, ეს კრიტიკა პრინციპში ჩვენთვის ნაწილობრივ მისაღებიც კი შეიძლება იყოს, თუმცა ეს კრიტიკა მომავალში რომ არ იყოს და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ და კანონს ასე უხეშად და თავხედურად… არ იწვევდნენ საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.
შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მომხდარზე ღრმა შეშფოთება გამოთქვა, საელჩომ კი აღნიშნა, რომ „საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ გზაზე“.