შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო საპოლიციო ოპერაციის- 2BaGoldMule შედეგად, რომელშიც ჩართული იყო 16 ქვეყნის სამართალდამცავი უწყება, დააკავებულია კრიმინალურ ქსელ QQAAZZ-ის 20 წევრი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი კიბერდამნაშავეების დავალებით, ათობით მილიონი ევროს გათეთრებას ცდილობდნენ.
უწყებაში ამბობენ, რომ ოპერაციას წინ უძღვოდა კომპლექსური გამოძიება პორტუგალიის, აშშ-სა და ესპანეთის პოლიციის, ასევე, გაერთიანებული სამეფოს, საქართველოს, ლატვიის, ბულგარეთის, იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრალიის, შვედეთის, ავსტრიისა და ბელგიის სამართალდამცავი უწყებების მიერ, ევროპოლის კოორდინაციით.
„დადგინდა, რომ QQAAZZ-ს ქსელს, რომლის წევრები იყვნენ ლატვიიდან, საქართველოდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან და ბელგიიდან, ასობით კორპორაციული და პირადი საბანკო ანგარიში ჰქონდა გახსნილი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ირიცხებოდა კიბერკრიმინალების მიერ მსხვერპლების ანგარიშებიდან მოპარული თანხა. აღნიშნული თანხა შემდეგ ირიცხებოდა QQAAZZ-ის კონტროლირებად ანგარიშებზე და ხშირად, თანხის კონვერტაცია ხდებოდა კრიპტოვალუტაში.
ევროპოლის მიერ კოორდინირებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა დამნაშავეების დაკავება. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და იგი ევროპოლის, ინტერპოლისა და სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა სახის ოპერატიული დახმარების აღმოჩენას“, – ამბობენ უწყებაში.