საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნის ან ორგანიზაციის დროშის შებღალვისთვის ჯარიმის დაწესება განიხილება

პუბლიკა

ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან იმ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე, იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში,  ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება.

კანონპროექტზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელეს.

პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსს ემატება  შესაბამისი მუხლი, რომელიც ასეთი ქმედებისთვის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამავე  ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის მიზანია ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციების ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა, რომელთა წევრიც არის საქართველო, აგრეთვე, იმ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობების დაცვა, რომლებთანაც საქართველოს აქვს ასეთი ურთიერთობები“, – განაცხადა მომხსენებელმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამ სახელმწიფოებში არ იგულისხმება ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას აღიარებენ.