საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაცია RUTA ერთობლივი განცხადებით სოლიდარობას უცხადებს საქართველოს პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს. განცხადებას 300-ზე მეტი საერთაშორისო აკადემიკოსი აწერს ხელს.
„ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი აკადემიკოსები, სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს პროფესორებს, მკვლევარებს და სტუდენტებს მიმდინარე ბრძოლაში დემოკრატიის, სამართლიანობისა და აკადემიური თავისუფლებისთვის. ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ავტორიტარული ცვლილებით, რომელიც გამოირჩევა პოლიციის ძალადობით მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ, სტუდენტების დაკავებით, რომლებიც მხარს უჭერენ სამართლიან არჩევნებს, აპროტესტებენ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას – ქართველების 80%-ის ნების საწინააღმდეგოდ და რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიღებას, რომელიც ძირს უთხრის ქვეყანაში აკადემიურ თავისუფლებას.
განათლება, მეცნიერება და კვლევა ვერ აყვავდება ისეთ გარემოში, სადაც არ არის დაცული აზრის, კვლევისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს პრინციპები ფუნდამენტურია არა მხოლოდ აკადემიური მუშაობისთვის და მისი სრულყოფილებისთვის, არამედ დემოკრატიული საზოგადოებების საფუძვლისთვისაც. საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და პოლიტიკა, რომელიც მართლაც გზას უხსნის რუსეთის ჩარევას, საფრთხეს უქმნის ამ ძირითად ღირებულებებს, რაც სერიოზულ საფრთხეში აყენებს როგორც აკადემიურ თავისუფლებას, ასევე დემოკრატიას და საქართველოს სუვერენიტეტს.
როგორც საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების წევრები, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცეს უნივერსიტეტების ავტონომიას და დაიცვას აკადემიკოსებისა და სტუდენტების უფლება გამოხატოს საკუთარი თავი შურისძიების შიშის გარეშე!
ჩვენს ქართველ კოლეგებს გთხოვთ იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. საერთაშორისო აკადემიური საზოგადოება ყურადღებით და შეშფოთებით უყურებს და მზადაა დაგეხმაროთ. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენ ვრჩებით მოწოდებულნი, მოვისმინოთ და გავაძლიეროთ თქვენი ხმა, დავიცვათ თქვენი უფლებები და ავაშენოთ სოლიდარობის ქსელები, რომლებიც სცილდება საზღვრებს“, – ნათქვამია განცხადებაში.