საერთაშორისო საზოგადოება გმობს აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციას მთიან ყარაბაღში

პუბლიკა

NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ „საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიძულოს აზერბაიჯანი, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, უარის შემთხვევაში კი ამას სანქციები უნდა მოჰყვეს”.

აზერბაიჯანმა დღეს განაცხადა, რომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო, რომლის მიზანია რეგიონში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა”, სომხური ჯარის განიარაღება და იძულება, დატოვონ ტერიტორია.

სანქციებზე ლაპარაკობს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონიც.

„ალიევის ანტი-ტერორისტული ოპერაცია“ მთიან ყარაბაღში კოდური სიტყვაა და სომხების ეთნიკურ წმენდას აღნიშნავს. ალიებმა პუტინს მწვანე აუნთო, რათა დაამხოს ნიკოლ ფაშინიანის დემოკრატიული მთავრობა. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დაუწესოს სანქციები აზერბაიჯანის პოლიტიკურ ელიტას და სომხეთის მთავრობას გაუწიოს ყველა საჭირო დახმარება“.

მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

შარლ მიშელის განცხადებით:

„დამანგრეველ ამბებს ვიგებთ მთიანი ყარაბაღის ყოფილი ოლქიდან.

აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ნამდვილი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათი მაღალი სიზუსტის იარაღის სამიზნე მხოლოდ „ლეგიტიმური სამხედროები იქნებიან და არა სამოქალაქო პირები ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და რომ ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის” მისწრაფების ნაწილია.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებისვე განცხადებით, ამის შესახებ აცნობეს „რუსეთის სამშვიდობო ძალებს რეგიონში და რუსულ-თურქულ სადამკვირვებლო ცენტრს, რომლის მიზანიც 2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა”.

ამასთან, სომხეთი აცხადებს, რომ არ ჰყავს სამხედრო პერსონალი ყარაბაღში და რომ მისი პრიორიტეტები მხოლოდ ჰუმანიტარულია.

ბაქომ განაცხადა, რომ ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „აზერბაიჯანის 6 მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა” და ამაში „უკანონო სომხური შეიარაღებული ჯგუფები” დაადანაშაულა.

სამხედრო ესკალაცია წითელი ჯვრის მიერ ყარაბაღში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის მომდევნო დღეს მოხდა. ეს ნაბიჯი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაძაბულობის შემცირებას ემსახურებოდა.

მთიანი ყარაბაღი, სადაც სომხები ცხოვრობენ, 9 თვეა, აზერბაიჯანმა ბლოკადაში მოაქცია. იქ მცხოვრები ადამიანები ტერიტორიის დატოვებას ვერ ახერხებენ, აქვთ საკვების, მედიკამენტების, პირველადი ნივთების დეფიციტი.

ყარაბაღი, რომელიც საერთაშორისოდ აზერბაიჯანის ტერიტორიად არის აღიარებული, ეთნიკურად სომეხი ადამიანებით არის დასახლებული.

1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო რეგიონის დიდ ნაწილს არ აკონტროლებდა. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა.

2020 წლის სექტემბერში მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. საომარი მოქმედებები 1 თვეს გაგრძელდა. 2020 წლის 10 ნოემბერს მხარეებმა, რუსეთის შუამავლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

ომის შედეგად, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის 11 450 კვადრატული კილომეტრიდან 3 750 კვადრატული კილომეტრი დაიკავა, კიდევ 4500 კვ.კმ – 10 ნოემბრის შეთანხმების შედეგად მიიღო. 2021 წლის სამხედრო შეტაკების შემდეგ აზერბაიჯანმა დაიკავა კიდევ 250 კვადრატული კილომეტრი. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორია 3 ათას კვადრატულ კილომეტრზე ნაკლებია.

ტერიტორიაზე დღემდე რჩებიან რუსული სამხედრო ძალები.