საერთაშორისო საზოგადოებას რეაქცია ექნება ოკუპირებულ ოსეთში რეფერენდუმზე - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევები არ ნელდება და პირიქით, ამ დაძაბულ გარემოში მცდელობაა, რომ მოსახლეობას დააჯერონ თითქოს საქართველომ შეიძლება „დრო იხელთოს“ და ძალით ეცადოს ტერიტორიების დაბრუნება, რაც მორიგი რუსული დეზინფორმაციაა.

„კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთსა და ცხინვალში, გიდასტურებთ, რომ საქართველო ომით და ძალით არაფერს დააპირებს თქვენს წინააღმდეგ.

გთავაზობთ ერთიან ევროპულ მომავალთან შემოერთებას. გთავაზობთ თავისუფლებას და თქვენი ენის, იდენტობის, ისტორიის, კულტურის პატივისცემასა და დაცვას. გთავაზობთ ახალ თანხმობას.

ამ დროს რუსეთის კიდევ ერთი პროვოკაცია, რეფერენდუმის და ანექსიის მუქარა, ვერ მიაღწევს ჩვენ შორის დაპირისპირების გაღვივების და მშვიდობიანი პოლიტიკიდან გადახვევის შედეგს. რუსეთმა კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა და დანაშაული არ უნდა დაუშვას, და კიდევ ერთხელ არ უნდა სცადოს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმების და პრინციპების აბუჩად აგდება. ეს უპასუხოდ არ დარჩება და გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობისგან სათანადო რეაქციებს“, – განაცხადა მან.

მან ასევე ისაუბრა რუსეთის ომზე უკრაინაში. მისი თქმით, საქართველომ იცის, რა ფასი უჯდება ქვეყანას ამგვარი თავდადება და საქართველოს ევალება სოლიდარობა. პრეზიდნეტის განცხადებით, საქართველოში კარგად ესმით, რომ ევროპისკენ დაჩქარებული სვლა უკრაინის დამსახურებაა.

„ პატივი მინდა მივაგო უკრაინელ და ქართველ დაღუპულ გმირებს, რამეთუ ისინი ყველანი იბრძოდნენ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და 26 მაისი სხვა რაა თუ არა დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დღესასწაული. ჩვენ ვიცით და არ დავივიწყებთ, რომ უკრაინა დღეს იცავს არა მხოლოდ საკუთარ თავისუფლებას, სუვერენობას, დამოუკიდებლობას, არამედ ჩვენი და სხვა ევროპული ქვეყნების თავისუფლებას. იცავს რა, ერთიან, ძლიერ, თავისუფალ, ევროპულ მომავალს“, – თქვა მან.