საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებს საგადასახადო შეღავათები დაუწესდებათ - გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ სანაოსნო, ლოგისტიკური და სავაჭრო, ასევე IT კომპანიები, „საერთაშორისო კომპანიების“ სტატუსის მიღების შემთხვევაში, საგადასახადო შეღავათით ისარგებლებენ.

გახარიას განცხადებით, აღნიშნულ სექტორებში მოქმედი კომპანია, რომელიც მიიღებს „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს, ისარგებლებს შეღავათებით ქონების (გარდა მიწისა), მოგების, დივიდენდებსა (სრულად თავისუფლდება) და საშემოსავლო გადასახადებზე – მოგებისა და საშემოსავლო გადასახადი შეუმცირდება 5%-მდე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პერიოდში მძაფრი გლობალური ეკონომიკური კონკურენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის” სტატუსი და ასევე საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას იმისათვის, რომ საქართველოდან იმუშაონ.

„ჩვენ დღეს ვიმსჯელებთ, რომელი მიმართულების კომპანიებზე დავიწყოთ და შევქმნათ მექანიზმები მსგავსი სტატუსის მისაღებად. პირველ რიგში, ეს იქნება საზღვაო ბიზნესთან დაკავშირებული და IT კომპანიები. ორივე მიმართულება მნიშვნელოვანია როგორც გლობალური ეკონომიკის განვითარების, ასევე საქართველოსთვის, რამეთუ ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია, ისევე, როგორც IT მიმართულებაში გვაქვს სერიოზული რესურსი, რომელიც ასამოქმედებელია“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.