საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებულია ერთნაირი ზომების გატარება - იმნაძე საზღვრების გახსნაზე

პუბლიკა

საქართველო 8 ივლისიდან საზღვრებს უპირობოდ ხუთ ქვეყანას უხსნის. ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი. ამ ქვეყნებიდან ჩამოსულებს საზღვარზე მოუწევთ სპეციალური ანკეტის შევსება და სიმპტომების შემთხვევაში გაივლიან ტესტირებას.

საზღვრების გახსნაზე საუბრისას მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ მათ ქვეყნებისთვის  გარკვეული პირობებით გახსნიდა და ერთ-ერთი პირობა ტურისტის მიერ საზღვარზე ბოლო 72 საათში ჩატარებული pcr-ის პასუხის წარდგენა უნდა ყოფილიყო.

რატომ მოიხსნა დღის წესრიგიდან ეს პირობა და გაზრდის თუ არა რისკს მხოლოდ ანკეტის შევსების შემდეგ ტურისტების ქვეყანაში შემოშვება? ეს კითხვები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეს, პაატა იმნაძეს დავუსვით.

შეკითხვაზე, რატომ ვუხსნით ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს ამ პირობებით საზღვარს, პაატა იმნაძემ გვიპასუხა. „საერთაშორისო ურთიერთობებში პირობები ორ ქვეყანას შორის თანხმდება და როგორიც იმას აქვს, ისეთი გაქვს შენც“.

გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს პაატა იმნაძესთან.

ცხადი რომ იყოს, რაკი ის ხუთი ქვეყანა საქართველოს მოაქალაქეებს არ სთხოვს pcr-ის ტესტის პასუხით ჩასვლას, ამიტომ ჩვენც არ ვთხოვთ. ეს არის ახსნა ამ გადაწყვეტილების?

ლოგიკა ეგ არის. საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობების ლოგიკაა ასეთი, რომ ერთნაირად უნდა მოიქცნენ ქვეყნები.

ამ შემთხვევაში ეპიმედიის გავრცელების რისკზე ვსაუბრობთ…

ეპიდსიტუაცია იმ ქვეყნებშიც არ არის ცუდი.

მაგალითად, საქართველოში საფრანგეთიდან ჩამოსული მოქალაქე უფრო მეტი რისკის მატარებელია თუ საქართველოდან საფრანგეთში ჩასული საქართველოს მოქალაქე ? რისკი მგონი ერთი და იგივე არაა, ხომ?

საფრანგეთში უკვე დაწყნარდა სიტუაცია.

საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებულია ერთნაირი ზომების გატარება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების საფუძველზე. ჩემი პასუხი არის ეს.

NCDC საქართველოში ჩამოსულ ტურისტებთან რა ტიპის ღონისძიებებს გეგმავს?

სწორედ იმ ანკეტის საფუძველზე მუდმივად გვეცოდინება, სად არიან.  ისინი მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნებიან. ჩემი პასუხი ეს არის. აეროპორტში თერმოსკრინინგი იქნება და ტესტის ჩასატარებელად სივრცე.

თქვენ ფიქრობთ, რომ ცენტრი ამ მასშტაბის ზედამხედველობას შეძლებს? რესურსი ეყოფა?

მოახერხებს. უკვე მოვახერხეთ ხომ რაღაცა?

საქართველოს მოქალაქეებისთვის რომ იგივე რეჟიმი რჩება, ვგულისხმობ 14-დღიან კარანტინს. ამას როგორ ხსნით?

იმიტომ, რომ ტურისტზე გაცილებით მეტია საქართველოს მოქალაქე.

თქვენ ფიქრობთ, რომ ამ პერიოდში საქართველოს მოქალაქეები უფრო მეტნი ჩამოვლენ, ვიდრე ტურისტები ?

დიახ, ასეა. რისკები ითვლება. ჩემი შვილი ჩამოვიდა და კარანტიში იყო. რა მოხდა მერე? აბა, ახლა ტურისტს კარანტინში ხომ არ ჩასვამ. სახლში მოდის ადამიანი და სახლში რომ მოდის, მის ახლობელს ვიცავთ იმით, რომ კარანტინშია.