ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურის დღეს აქციებს არ გამართავს. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს, „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადეს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციური სპექტრის გადაწყვეტილება 21 ნოემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, პროცესის სრული იგნორირებაა. როგორც მან ჟურნალისტებს ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საერთო ოპოზიციური ფორმატის გადაწყვეტილებაა, არჩევნების მეორე ტურის პროცესის იგნორირებაა, თუმცა ცალკეულ პარტიებს შეიძლება ჰქონდეთ რაღაც აქტივობები.
„საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი. რაც ხვალ მოხდება ფიქციაა. არ გვინდა ამომრჩეველთან რაიმე ტიპის კოლიზეაში შევიდეთ. ვაცნობიერებთ, რომ მეორე ტური თავიდან ბოლომდე ფიქციაა, იმისთვის რომ 31 ში ჩადენილი გაყალბება „გააპრაონ“. ამიტომ, საზოგადოების და მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთადერთი სწორი რეაქცია ამასთან დაკავშირებით არის მხოლოდ იგნორი. „ევროპული საქართველო“ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილების ერთგულია. არ მიიღოთ მონაწილეობა და გაუკეთეთ სრული იგნორირება ხვალ დაგეგმილ ფარსს“,- განაცხადა უგულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ დიდი მასშტაბური აქციები, როგორიც ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ გამართა, მსგავსი აქცია არ გაიმართება.
„საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველა აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ინდივიდუალურად რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ აქცია არ გამართოს, ამის შესახებ ჩვენ ინფორმირებული არ ვართ. ამ გადაწყვეტილებას ყველა პარტია თვითონ მიიღებს, თუ სურს, რომ რაღაც ფორმით გააპროტეტსოს“,- ამბობს უდუმაშვილი.