„საერთოდ არ იყო იქ ლაშქარავა ნახსენები" - კობახიძე ამბობს, რომ იცის, რა ჩასჩურჩულა წერეთელმა ოხანაშვილს

პუბლიკა

„საერთოდ არ იყო იქ ნახსენები ლაშქარავას გვარი”, – „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „TV პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის განცხადებას ეხმაურება.

წერეთლის თქმით, საელჩოს ღონისძიებაზე ანრი ოხანაშვილს უთხრა, რომ ტელეკომპანიის დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზეა.

„ვიცი, მან რა თქვა და ყურში რა ჩასჩურჩულა [ვატო წერეთელმა] ანრი ოხანაშვილს, აქედან გამომდინარე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში, მან თქვა ტყუილი. უბრალოდ, მეორე ტყუილი პირველისგან განსხვავებული იყო.

პირველი – მან რეალურად უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს, რასაც უარყოფდა თავიდან, შემდეგ მიხვდა, რომ მოუწევდა ამის გადათქმა, იმიტომ რომ ელემენტარულად შეიძლება კამერის ჩანაწერები არსებობდეს, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ პროვოკაცია მისი დაწყებულია. ამიტომ, მოუწია მას პირველი ტყუილის გადათქმა, მაგრამ მეორე შემთხვევაშიც თქვა ტყუილი, საერთოდ არ იყო იქ ნახსენები ლაშქარავას გვარი, იყო უმძიმესი შეურაცხყოფა მიყენებული, რასთან დაკავშირებითაც ეთიკის და კანონის ფარგლებში ანრი ოხანაშვილმა გასცა პასუხი”, – განაცხადა კობახიძემ.


ტელეკომპანია „პირველის“ დამფუძნებელი, ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ. მისი თქმით, მას გაშლილი ხელი დაარტყეს უმრავლესობის დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა და ლევან მგალობლიშვილმა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.