საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს, დაგმეს საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ნაბიჯები და რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე, პოლიტიკურ პატიმრებსა და რეპრესიულ კანონმდებლობაზე.
დოკუმენტის ხელმომწერები საფრანგეთის მთავრობას მიმართავენ, მოითხოვოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პოლიტიკოსებისა და აქციების მონაწილე მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ინდივიდუალური სანქციები დაუწესოს ამ ვითარების შექმნაში პასუხისმგებელ პირებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს.
ამ რეზოლუციით ასევე მოთხოვნილია, გადაიხედოს, რა გარემოებებში მიენიჭა ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენი და იმსჯელოს მის ჩამორთმევაზე.
დოკუმენტის ადრესატია ევროკავშირიც, რომელსაც ფრანგი დეპუტატები პროევროპული საზოგადოების მხარდაჭერისა და დემოკრატიული უკუსვლის გამო პასუხისმგებელი პირების მიმართ ყველა შესაძლო ზომის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
მომხსენებელმა კონსტანს ლე გრიპმა ისაუბრა საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. მან ახსენა მზია ამაღლობელის პატიმრობა, პოლიტიკური პატიმრები, ასევე, ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც რეპრესიებს ატარებს ყველას მიმართ, ვინც მას აკრიტიკებს: მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციის.
„ქალბატონი მზია ამაღლობელი ერთ-ერთი გმირია იმ ისტორიისა, რომლის დაწერასაც დღეს ვაპირებთ. დღეს ვითვლით ქართველების შეუპოვარი ბრძოლის 360-ე დღეს. მე ვფიქრობ ყველა მამაც დემონსტრანტზე, რომლებიც სულ უფრო მკაცრ რეპრესიებს განიცდიან. მართლაც, 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საეჭვო და სადავო იყო, საქართველომ დაიწყო მოძრაობა ისეთი ტრაექტორიით, რომელიც მას სულ უფრო და უფრო შემაშფოთებელი გზით აშორებს ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებს“, – თქვა კონსტანს ლე გრიპმა „ტვ პირველის“ თანახმად.