საფრანგეთის ასამბლეის არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა

პუბლიკა

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიცია „ახალმა სახალხო ფრონტმა” გაიმარჯვა.

ოფიციალური ინფორმაციით, „ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია „ერთად“ მეორე ადგილზე გავიდა. პარტია 168 მანდატს დაიკავებს.

ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზეა 143 მანდატით.

„რესპუბლიკელებმა“ 45 მანდატი მიიღეს, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა ერთად – 39 მანდატი.

საფრანგეთის ასამბლეაში ჯამში 577 მანდატია.

ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის, 289 მანდატის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ შეძლო.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის განცხადებით, ის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით მიმართავს. მიზეზი ის არის, რომ მისი და მაკრონის პარტია მეორე ადგილზე გავიდა.

ფრანგმა ევროპარლამენტარმა, სოციალისტური პარტიის წევრმა, რაფაელ გლუკსმანმა განაცხადა, რომ ეს არჩევნები ძალაუფლების ცვლას ნიშნავს. მისი თქმით, ახლა პოლიტიკას პრეზიდენტი აღარ განსაზღვრავს და ძალაუფლების ცენტრში ახლა ასამბლეაა.

მისივე თქმით, მემარცხენე ალიანსი NFP, რომელსაც გლუკსმანის სოციალისტური პარტია არ შეუერთდა, არ ფლობს აბსოლუტურ უმრავლესობას, შესაბამისად, სხვადასხვა ჯგუფებს მოუწევთ შეკრება და შეთანხმება ამა თუ იმ საკითხზე.

„ჩვენ მოგვიწევს საუბარი, დებატები და ჩვენი პოლიტიკური კულტურის შეცვლა”, – ამბობს გლუკსმანი.