საფრანგეთის მისია ეუთოში „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს X-ზე გამოეხმაურა და ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 10 მარტს გავრცელებული განცხადება გააზიარა.
საფრანგეთი წერს:
„გუშინ მომხსენებელმა პატრიცია გჟებიკმა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს წარუდგინა დამოუკიდებელი ანგარიში დემოკრატიისა და ფუნდამენტური თავისუფლებების შესახებ (ე.წ. „ეუთოს მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში).
მიუხედავად იმისა, რომ მომხსენებელმა აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების თანამშრომლობა გამოძიების პროცესში, მან მოუწოდა მთავრობას, დაუბრუნდეს საქართველოს მიერ ეუთოს ჩარჩოში აღებულ ვალდებულებებს.
ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ვაიმარის სამკუთხედის (საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის) ელჩებმა სინანული გამოთქვეს 4 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოურ დაფინანსებასა და პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღების გამო. მათი განცხადებით, ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ კიდევ უფრო რეპრესიული მიდგომის დასტური.
ელჩებმა კვლავ დაადასტურეს თავიანთი ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის, ისევე როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს საფრანგეთის მისია ეუთოში.
ვაიმარის ქვეყნების – გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის – საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2026 წლის 10 მარტს გაავრცელეს განცხადება, რომლითაც პარლამენტის მიერ „გრანტების შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით სინანული გამოხატეს და აღნიშნეს, რომ „ახალი ცვლილებები საქართველოში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს უპრეცედენტო დონემდე აფართოებს და ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ასუსტებს კანონის უზენაესობას, ზეწოლას აძლიერებს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე, მათ შორის, დამოუკიდებელ მედიაზე, უფლებადამცველებზე, ექსპერტებზე.“
მინისტრების განცხადებით, ახალი რეგულაციებით საქართველოს ხელისუფლება საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე, განსაკუთრებით ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, შეგნებულად არღვევს.