საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოლდოვაში იმყოფება

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოლდოვაში ჩავიდა. მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ მოლდოვის სურვილი ევროკავშირში გაწევრების შესახებ „სრულად ლეგიტიმურია“.  

Reuters წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დაეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კონსენსუსის მიღწევაში მოლდოვის ბლოკში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით.

მან უკრაინაში მიმდინარე ომი აღწერა, როგორც „მუქარა მთელი რეგიონის სტაბილურობისთვის“ და თქვა, რომ მოლდოვა „უკვე არის ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა“.

როგორც Reuters წერს, მაკრონმა განაცხადა რომ მას „სურდა კონსენსუსის მიღწევა სამი ქვეყნისთვის (უკრაინა; საქართველო; მოლდოვა) ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე და დასძინა, რომ მოლდოვას განაცხადი არ უნდა იყოს გამიჯნული უკრაინისგან“. 


ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასკვნას 17 ივნისს გამოაქვეყნებს, ხოლო ევროსაბჭოს გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ 23-24 ივნისს გახდება ცნობილი.