საფრანგეთის საგარეო: ველით, რომ ხელისუფლება გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს

პუბლიკა

საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და „შეშფოთებას“ გამოთქვამს ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სამინისტროს განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისგან ელიან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს.

„გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა და მუქარაზე“ და „დემოკრატიულ უკუსვლაზე“.

ველით საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გამოიძიებს კენჭისყრამდე და კენჭისყრის დროს გამოვლენილ დარღვევებს და განახორციელებს ეუთოსა და ევროპის საბჭოს კომისიის სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად, ცნობილი როგორც ვენეციის კომისია, რეკომენდაციებს.

ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამოქალაქო საზოგადოების პატივისცემა და დაცვა საჭიროა, რათა საქართველომ დაადასტუროს თავისი ევროპული საფუძველი“, – ნათქვამია განცხადებაში.


26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.

27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”.