ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია – „ეროვნული გაერთიანება“ (RN) ლიდერობს, ხმათა 33,1%-ით. მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე პარტიების ალიანსი 28%-ით, ხოლო მესამეზე ემანუელ მაკრონის ცენტრისტული გაერთიანებაა, 20%-ით.
ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, ჯორდან ბარდელა, მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ RN არჩევნებში ხმათა უმრავლესობით გაიმარჯვებს, პრემიერ-მინისტრობას გეგმავს.
„მე ვაპირებ ვიყო პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის თითოეული მოქალაქისთვის, თუ ფრანგები მხარს ჩვენ დაგვიჭერენ“, – განაცხადა მან.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე პარტიამ გაიმარჯვა. მარინ ლე პენი და ჯორდან ბარდელა აცხადებენ, რომ 577-ადგილიან ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობის, ანუ 289 ადგილის მოპოვება სურთ.
თუმცა, როგორც დასავლური მედიები წინასწარი პროგნოზით წერენ, მოსალოდნელია, რომ ლე პენის პარტია 230-280-მდე ადგილს დაიკავებს, მემარცხენე ალიანსი – 125-დან 165-ს, ხოლო მაკრონის კოალიცია 70-100 ადგილს მიიღებს.
აბსოლუტური უმრავლესობის არარსებობის შემთხვევაში, საფრანგეთის პარლამენტს საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება გაუჭირდება, ხოლო RN ვერ შეძლებს ისეთი გეგმების განხორციელებას, რომლებიც იმიგრაციას, გადასახადების შემცირებასა და კანონებს ეხება.
პარალელურად, საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიუხედავად, მაკრონის საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2027 წლამდე გაგრძელდება.
პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 66,7% შეადგინა, რაც 1997 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.
არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ევროპარლამენტში მიღებული შედეგების შემდეგ ემანუელ მაკრონმა პარლამენტი დაითხოვა.