საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგებით, პრეზიდენტ მაკრონის პარტიამ უმრავლესობა დაკარგა.
მაკრონის ცენტრისტული პარტია, უმრავლესობის დაკარგვის მიუხედავად მაინც პირველ ადგილზეა და წინასწარი მონაცემებით 245 ადგილს მიიღებს ეროვნულ ასამბლეაში. თუმცა მაკრონს უმრავლესობისთვის 289 ადგილი სჭირდებოდა. მის პარტიას წინა მოწვევის პარლამენტში 300-ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდა.
მეორე ადგილზე მემარცხენეთა ალიანსი NUPES გავიდა, რომელსაც ჟან ლუკ მელანშონი ლიდერობდა. ალიანსმა 131 ადგილი დაიკავა. მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია 89 წევრს შეიყვანს ეროვნულ ასამბლეაში, რაც მისთვის რეკორდული მაჩვენებელია, მემარჯვენე-ცენტრისტული „რესპუბლიკელები“ 64 ადგილს დაიკავებენ. ხოლო ალიანსს გარეთ დარჩენილი მემარცხენეები 22 წევრით იქნებიან წარმოდგენილი.
მაკრონმა, რომელმაც ორი თვის წინ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ ის ქმედით უმრავლესობას მაინც ჩამოაყალიბებს.
თუმცა, საეჭვოა, რომ მისმა პარტიამ კოალიცია მემარცხენეთა ალიანსთან ან ლე პენთან შექმნას, „რესპუბლიკელების“ ლიდერმა კი არჩევნების შედეგებს მაკრონის „მტკივნეული მარცხი“ უწოდა და გააკრიტიკა მისი თქმით, საფრანგეთში რადიკალური განწყობების მქონე პირთა ინსტრუმენტალიზებისთვის. შესაბამისად, შესაძლოა მაკრონს უმცირესობის მთავრობის ჩამოყალიბება მოუწიოს.