საფრანგეთის სენატი მოუწოდებს მთავრობას, მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა აღიაროს

პუბლიკა

სომხური მედიის ცნობით, საფრანგეთის სენატმა 305 ხმით ერთის წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა ცნოს.

გამოცემის ინფორმაციით, რეზოლუცია, რომელიც „სთავაზობს საფრანგეთის მთავრობას აღიაროს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რომელსაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაწყვეტად გამოიყენებს” სენატში განსახილველად ერთი კვირის წინ ხუთმა სენატორმა შეიტანა.

სენატი საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატას წარმოადგენს, რომელსაც ქვედა პალატასთან შედარებით აქტიურ პოლიტიკაზე ნაკლები გავლენა აქვს და ეს რეზოლუციაც ნებაყოფლობითი ხასიათისაა.

რეზოლუციის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის აღიარება იქ მცხოვრები სომეხი ხალხის დასაცავადაა საჭირო, რომელიც კონფლიქტში აზერბაიჯანის გამარჯვების შემდეგ საფრთხის ქვეშ არიან.

მთიანი ყარაბაღი ამ დრომდე თვითაღიარებული რესპუბლიკაა, მის დამოუკიდებლობას მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა, მათ შორის, არც სომხეთი ცნობს.