საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: უარს ვიტყვით უკრაინის დემილიტარიზაციის ნებისმიერ ფორმაზე

პუბლიკა

პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ გახსნა პარიზის თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმი, რომელზეც 30-ზე მეტი ქვეყნის შეარაღებული ძალების მეთაური შეიკრიბება. ისინი განიხილავენ, თუ რისი შეთავაზება შეუძლიათ ევროპასა და დასავლეთს უკრაინის მხარდასაჭერად, როგორც რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი.

ლეკორნუს თქმით, ევროპა თავისი ისტორიის „ახალი პერიოდის“ წინაშე დგას, რომელიც გამორჩეულად განსხვავდება როგორც ცივი ომის, ასევე „მშვიდობის დივიდენდების პერიოდისგან“ და მრავალი გლობალური ძალა იბრძვის გავლენისთვის.

აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზე მინიშნებით, მან თქვა, რომ დღევანდელ დისკუსიებზე განიხილავენ, თუ როგორ დაიცავს NATO და დასავლეთი აღმოსავლეთ ფლანგს, „თუ ხვალ გარკვეული ქვეყნების ან კონკრეტულად ერთი ქვეყნის წვლილი შემცირდება“.

რაც შეეხება უკრაინას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, საფრანგეთი „უარს იტყვის უკრაინის არმიის დემილიტარიზაციის ნებისმიერ ფორმაზე“ და მიიჩნევს, რომ ეს არის ნებისმიერი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.

სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღიდან ვლადიმერ პუტინი მოითხოვს უკრაინის „დემილიტარიზაციას“, რაც ასევე მიუღებელია კიევისთვის.


დღეს, 11 მარტს საუდის არაბეთში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა იმართება. ეს პირველი მოლაპარაკება იქნება ამერიკა-უკრაინას შორის მას შემდეგ, რაც ზელენსკი ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს. ამ შეხვედრაზე ტრამპმა და ზელენსკიმ იკამათეს, ხელი არ მოეწერა მინერალების შეთანხმებას.