საფრანგეთში აქციაზე 81 ადამიანი დააკავეს - მედია

პუბლიკა

საფრანგეთში გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა 81 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ შინაგან საქმეთა სამინისტროში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

შსს-ს ცნობით, საფრანგეთის მასშტაბით შაბათის საპროტესტო აქციებში დაახლოებით 130 000 ადამიანი მონაწილეობდა. ამასთან, ორგანიზატორების თქმით, მხოლოდ პარიზში მონაწილეთა რაოდენობა იყო დაახლოებით 200 ათასი, ხოლო მთელ ქვეყანაში – ნახევარ მილიონამდე.

28 ნოემბრის ნაშუადღევს, პარიზში მომიტინგეები სამართალდამცავებს დაუპირისპირდნენ. პოლიციის ცნობით, დაშავდა სამართალდამცავი ორგანოების 23 თანამშრომელი. ქვეყნის მასშტაბით, 62 პოლიციელი.

უფლებადამცველი ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გენერალურმა დირექტორმა, კრისტოფ დელუარმა თავის ტვიტერზე გამოაქვეყნა ჟურნალისტის ფოტო, რომელსაც, მისი ინფორმაციით, პოლიციელმა სახეში ხელკეტი ურტყა.

რაც შეეხება პროტესტის თემას, საფრანგეთში მოქალაქეები აპროტესტებენ ე.წ. უსაფრთხოების კანონს, რომელიც მიზნად ისახავს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაცვის განმტკიცებას და პოლიციის ოპერაციების ვიდეოკადრების შეზღუდვას.

ერთ-ერთ სტატიაში აღნიშნულია, რომ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელთა ფოტოების გამოქვეყნება დაისჯება ჯარიმით 45 ათას ევრომდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თუ ამგვარი ფოტოების გამოქვეყნება ხდება სამართალდამცველების სხეულის ან ფსიქიკური ზიანის მიყენების მიზნით.

გასულ კვირას პარიზში პოლიციის მიერ ჩატარებული 2 ოპერაციის კადრები გავრცელდა, რომელიც მიგრანტების მიერ აღმართული კარვის დემონტაჟსა და მუსიკის შავკანიანი პროდიუსერის დაპატიმრებას ასახავდა.