საფრანგეთში სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისთვის აცრა სავალდებულო გახდა

პუბლიკა

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამედიცინო სექტორში დასაქმებულთათვის აცრა დღეიდან სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან კომპენსაციის გარეშე გათავისუფლება ემუქრებათ.

სააგენტო France-Presse-ის ინფორმაციით, დაახლოებით 2,7 მილიონი ადამიანი – საავადმყოფოების თანამშრომლები, სასწრაფოს მძღოლები, მოხუცთა თავშესაფრებში დასაქმებულები, კერძო ექიმები, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და ასევე მოხუცებისა და ავადმყოფების შინ მოვლის სერვისის მიმწოდებლები ვალდებული იქნებიან, რომ ვაქცინის ერთი დოზის დამადასტურებელი დოკუმენტი მაინც წარადგინონ.

ფრანგული მედიის ცნობით, მაკრონმა აღნიშნული ულტიმატუმი 2 თვის წინ გამოაცხადა, თუმცა ამ დროისთვის ათობით ათასი თანამშრომელი კვლავ აუცრელია. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება, ამიტომ სამშაბათს ასობით ადამიანმა პარიზში, ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართა.