საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი ეხმაურება აგვისტოს ომთან დაკავშირებით მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს და ამბობს, რომ ამით საქართველოს საგარეო პოლიტიკას „უზარმაზარი ზიანი” ადგება.
მისი თქმით, „ნამდვილად არ შურს კოლეგების, ვისაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ”.
„სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი, გაეროში “ჩვენს პოზიციებს” იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს.
ეს გახლავთ აგვისტოს ომის 4 წლისთავზე პუტინთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ Le Figaro ში გამოქვეყნებული სტატია. პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლით ადრე იყო დაგეგმილი. ეს არის მისი პასუხი, თუ ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან?
გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით) რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს “ეფემერული პოლიტიკური ეფექტის” ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.
ნამდვილად არ მშურს ჩემი კოლეგების, ვისაც ამ განცხადებების გაკეთილშობილების შეუძლებელი მისია აკისრიათ.
რას ვიგებთ, რა სარგებელს ვიღებთ, რის ფასად, ვის ვუგორებთ კოჭს, რისთვის, ამის შემდეგ რას ვაკეთებთ? ვისთან ვაგრძელებთ მეგობრობას?
ოჰ, ყოვლისგამგეო … გული მიმძიმდება, როგორ მინდა, ყველას ესმოდეს, რომეროვნული ინტერესი უპირატესი და უზენაესია ყოველი პარტიული თუ თითქმის ბიზნეს ინტერესებზე”, – აღნიშნავს ის.
15 აგვისტოს გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ აგვისტოს ომზე საუბრის დროს „ქართული ოცნების“ ციტატა გამოიყენა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
კერძოდ, მან მმართველი პარტიის ბოლო განცხადებიდან მაგალითად მოიყვანა ის მონაკვეთი, სადაც ომის დაწყებაში მიხეილ სააკაშვილია დადანაშაულებული და აღნიშნულია, რომ მისი „ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო”.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, ნიკოლაი პატრუშევიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით იმეორებს მმართველი პარტიის ნარატივს და საუბრობს „2008 წელს მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ავანტიურაზე”, თუმცა აქვე ამატებს, რომ ეს ამერიკელებმა „მოაწყვეს”.