საფრთხე ექმნება ისტორიულ მონაპოვარს: ევროატლანტიკურ სწრაფვას ‒ მეუფე მელქისედეკი

პუბლიკა

„შეშფოთებული ვაკვირდები ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია იმაზე ბევრად კრიტიკულია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა“, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკ ხაჩიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სასულიერო პირი აღნიშნავს, რომ იგი გაეცნო უცხოელი ელჩების, ფასილიტატორების, საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთებულ განცხადებებს.

„საფრთხე ექმნება საქართველოს ისტორიულ მონაპოვარს – ევროატლანტიკურ სწრაფვას, რამაც შეიძლება ჩვენი ქვეყნის მომავალი რადიკალურად შეცვალოს.
იმ გეო-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რაც რეგიონშია, იმ ეკონომიკური თუ ეპიდემიური კრიზისის ფონზე, რაც მთელ მსოფლიოში მძვინვარებს, საქართველოში მოქალაქეების, ჩვენი სისხლისა და ხორცის ურთიერთგახლეჩვა და პოლარიზება, არავის ინტერესებში არ შეიძლება შედიოდეს, გარდა ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის მტრებისა. გთხოვთ ყველას, რომ მოვუხმოთ გონებას, ჩვენი პოლიტიკური თუ სოციალური სტატუსის მიუხედავად წინა პლანზე დავაყენოთ სახელმწიფოს ინტერესები და მის დასაცავად ყველაფერი გვერდზე გადავდოთ“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებისგან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

  • „საქართველოს მთავრობის წარმოუდგენლად სულელური ნაბიჯი ლეგიტიმური პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ“, – ასე გამოეხმაურა ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი.
  • „ევროპის სახალხო პარტიის“ განხცადებით, „ნიკა მელიას დაკავება და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი საქართველოს დემოკრატიაზე თავდასხმაა“.
  • ევროპარლამენტარი მარკეტა გრიგოროვა ამბობს, რომ მზადდება რეზოლუცია საქართველოს შესახებ, ასევე, განიხილება მედიატორთა ჯგუფის საქართველოში გამოგზავნა.
  • ევროპარლამენტარი ანა ფოტიგას განხცადებით,  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება მიუღებელია და არ შეიძლება პოლიტიკური კრიზისის ძალის გამოყენებით, აგრესიით, დამამცირებელი რიტორიკით გადაჭრა.
  • ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის“ (ALDE-ს) პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება და ხელისუფლებას ოპოზიციასთან თანამშრომლობით ახალი არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
  • ვროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა აცხადებს, რომ საქართველოში მოვლენები იმედისგამაცრუებლად განვითარდა.
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება. რასმუსენის თქმით, ამ პოლიტიკური კრიზისიდან ქართველი ხალხი დამარცხებული გამოვა და მოუწოდებს პოლიტკურ ლიდერებს თავშეკავებული მოქმედებისკენ.
  • NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს. მისივე თქმით, NATO საქართველოსგან მოელის, რომ შეინაჩუნოს ევროატლანტიკური დემოკრატიული სტანდარტები.
  • ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი გმობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე ძალადობრივ შტურმს და მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს დაუბრუნდნენ დიალოგს.