საფუძვლიანი ეჭვია, რომ მაქარაშვილი, დიღმელაშვილი და ხოშტარია მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, რუსეთის აგენტები არიან - კობახიძე

პუბლიკა

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტს ის ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც რუსეთის აგენტურის ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.

„სინამდვილეში ისინი არიან რუსული საქმის მკეთებელი ხალხი. ვინ არის გიგა მაქარაშვილი? გულუას ყოფილი პრესსპიკერი. ვინ არის შოთა დიღმელაშვილი? ის აპროტესტებდა ბუშის ქუჩის გახსნას საქართველოში. ვინ არის ელენე ხოშტარია? რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების დიპლომირებული სპეციალისტი. საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მარტო რუსულ საქმეს კი არ აკეთებენ, არამედ ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს? მესიჯების „სქრინები“ რომ ჰქონდათ, გამართული რუსულით დაწერილი. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად“, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი, რომელიც  ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი იმ რესტორანთან მივიდნენ, სადაც ტელეწამყვანი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელის“ დატოვება. მოგვიანებით აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმირ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და ქვეყანა გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ  დააჯარიმა, ასევე, სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.