საგამოძიებო: 2022-23-ში პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში 62 პირი ვამხილეთ

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდა. კაციტაძის ანგარიში უწყების შექმნიდან დღემდე შესრულებულ სამუშაოს ეხება.

ანგარიშის თანახმად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმეებზე, ამოქმედებიდან დღემდე, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და დანაშაულში მხილებულია 153 პირი.

მათ შორის:

  • 69 ადამიანი ამხილეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში;
  • 62 სამართალდამცველია, რომელთა მიმართაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არასათანადო მოპყრობისა და ძალადობისთვის დადგა.
  • 16 პირი ამხილეს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.

გარდა ამისა, კოკა კაციტაძემ თქვა, რომ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს სულ 261 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა 52% დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ და მიუთითებდნენ ფიზიკური ძალის არაპროპორციულად და გადამეტებით გამოყენების შემთხვევებზე.

„მიზანშეწონილია, შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის/სასწავლო მოდულისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი სტანდარტით დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტაპობრივად და კასკადურად დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა”. – განაცხადა მან და შსს-ის თანამშრომლებისთვის დამატებითი რეკომენდაციები გასცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მას შემდეგ შეიქმნა, რაც „ქართულმა ოცნებამ„ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაშალა.

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით, 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი.

2021 წლის დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომლითაც ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი ახალი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნა. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ.