საგამოძიებო: აქციაზე დაკავებულის პირადი ცხოვრების გავრცელებისთვის 46 წლის კაცი დავაკავეთ

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქციაზე დაკავებული აქტივისტის პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავა.

უწყების ცნობით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, Facebook-ში ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე, ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრცელა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ცნობით, „ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი.

ჩატარდა საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი”.

უწყების განცხადებით, ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.