სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ცოლზე ძალადობისა და მუქარის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეუღლეზე სისტემატურად ძალადობდა, ხოლო მასთან გაშორების შემდეგ, 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის აპრილამდე პერიოდში, სატელეფონო კომუნიკაციისას, ასევე, ინტერნეტ-აპლიკაციით ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნის გზით, სამართალდამცავი დაზარალებულსა და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით სისტემატურად ემუქრებოდა.
ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულმა დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკარზე მუქარის შემცველი ტექსტი დაწერა და დაშინების მიზნით იქვე საბრძოლო ვაზნა დატოვა.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, 2023 წლის 25 ოქტომბერს, შვილის წაყვანასთან დაკავშირებით, ბრალდებულს კონფლიქტი მოუვიდა დაზარალებულთან, ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მუქარის ნიშნად იარაღიდან სამჯერ გაისროლა, რის შემდეგაც დატოვა შემთხვევის ადგილი.
ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 29 მარტს, ბრალდებულმა დაზარალებულს აპლიკაცია „Whatsapp”-ით ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, სადაც კვლავ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
უწყების ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. გამოჰკითხეს მოწმეები, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, მოიპოვეს ნივთიერი მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაცია, რის შედეგადაც 2024 წლის 10 აპრილს, სამართალდამცველი დააკავეს ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით.
დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველს ბრალდება 48 საათში წარედგინება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.