სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება შსს-ს მიერ მომზადებულ საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა.
ინსპექტორის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები: ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პროკურატურისგან დამოუკიდებლობას, სამსახურს არ ანიჭებს მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების პროკურორისგან დამოუკიდებლად მიღების უფლებამოსილებას, ვერ პასუხობს საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის რეფორმის მიზანს და სრულად არ ეხმიანება აღნიშნულ რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
„საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნის რეფორმა ყველა საგამოძიებო უწყებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი და ქმედითობა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა და სხვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე პროკურატურის სრული კონტროლისა და ამ მიმართულებით დროული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება ხაზგასმით აღინიშნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების 2020 წლის 1-3 დეკემბრის 1390-ე შეხვედრის (DH) ზოგადი ღონისძიებების ფარგლებში“, – განმარტავს უწყება.
ინსპექტორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკანონდებლო პაკეტზე მისი დასაბუთებული მოსაზრებები წარუდგინა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავრობას, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტში ასახული არ არის.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, აღნიშნულ უწყებებს, რიგ სამართლებრივ საკითხებზე, სამსახურთან მიმართებით საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნის განსხვავებული რეგულაციები შესთავაზა, თუმცა საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით სამსახურისთვის მინიჭებული უფლებები სხვა საგამოძიებო უწყებების იდენტურია.
შესაბამისად, საკანონმდებლო პაკეტი არ/ვერ პასუხობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებს – არ არის მხედველობაში მიღებული სამსახურის ბუნება, მანდატი, მისი შექმნისა და საქმიანობის მიზანი, სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების გამოძიების თავისებურებები და მოხელეთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარების მნიშვნელობა.
იმ პირობებში, როცა საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების მკაფიო, დროული და სრულყოფილი გამიჯვნა წარმოადგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას, საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, სამსახური კვლავ პროკურატურაზე დამოკიდებული რჩება“, – აცხადებს ინსპექტორი.
ინსპექტორი განმარტავს, რა ნაწილში ხედავს პრობლემას:
„პროკურორს უნარჩუნდება სრული კონტროლი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე; ასევე, 2024 წლის 1 იანვრამდე, პროკურორს უნარჩუნდება სრული კონტროლი ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების (ჩხრეკა, ამოღება, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა და ა.შ.) ჩატარებაზე, ხოლო, 2024 წლის 1 იანვრის შემდგომ, გამომძიებლის მიერ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება შეზღუდულია (ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე); ზემდგომ პროკურორს უნარჩუნდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში სხვა საგამოძიებო უწყების გამომძიებლის ჩართვის უფლება; გენერალურ პროკურორს კვლავ რჩება ერთი საგამოძიებო ორგანოდან საქმის ამოღებისა და სხვა საგამოძიებო ორგანოსთვის მისი გამოსაძიებლად გადაცემის უფლება, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად; პროკურორს უნარჩუნდება გამოძიების შეწყვეტის უფლება; ასევე, პროკურორს უნარჩუნდება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, საჩივრის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის უფლება და სხვა.
საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების არასწორი გადანაწილების პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ ეთანხმება სამსახურთან მიმართებით კანონის 1 წლის შემდგომ (2023 წლის 1 იანვარს) ამოქმედებასა და 2024 წლის პირველ იანვრამდე ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საგამოძიებო მოქმედებების პროკურორის ჩარევის გარეშე ჩატარების შეზღუდვას. აღნიშნული სამსახურს კიდევ ორი წელი სრულად დამოკიდებულს ტოვებს პროკურატურაზე, რაც საფრთხეს უქმნის დროული და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამსახურის ეფექტიანობას.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ საჭიროებს გარდამავალ პერიოდს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის მოსამზადებლად, ვინაიდან, ამ შემთხვევაში არ არსებობს ის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხვა საგამოძიებო უწყებებთან მიმართებით. სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დასაქმებულნი არიან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე მაღალი კვალიფიკაციის გამომძიებლები, რომლებიც შერჩეულნი არიან რამდენიმე ეტაპიანი კონკურსის საფუძველზე, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების ჩართულობით. შესაბამისად, სამსახურის გამომძიებლები მათთვის დაკისრებული ახალი ფუნქციების შესრულებას დაუბრკოლებლად შეძლებენ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკანონმდებლო ინიციატივაზე მოსაზრებები საქართველოს პარლამენტსაც წარუდგინა. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, კანონპროექტის განხილვისას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სამსახურის საგამოძიებო მანდატის თავისებურებები მხედველობაში იქნება მიღებული“, – აცხადებს უწყება.
სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.