საგამოძიებო: იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ

პუბლიკა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ამხილეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული ჰ.ვ., თავისი მეუღლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, რომელშიც მისი მეუღლე იყო დასაქმებული. ბრალდებულმა დაზარალებული ა/მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი მეუღლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა. ასევე, ბრალდებულმა დაზარალებულს ა/მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით ა/მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა.

უწყების ცნობით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოიპოვა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები.

„გამოიკითხა დაზარალებული და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებულია გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის კერძო ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და განხორციელდა მათი დათვალიერება. ასევე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

დანაშაული ითვალისწინებს 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.