ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქვემო ქართლში COVID 19-ის სამკურნალო კლინიკის დირექტორმა და ფარმაცევტმა სამედიცინო მომსახურების ღირებულება პაციენტებისთვის ხელოვნურად გაზარდეს და ჯამში 108 032 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრი, 2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 1 იანვრამდე პერიოდში, წარმოადგენდა „ჩOVID 19“-ის დადასტურებული შემთხვევების სამკურნალო სამედიცინო დაწესებულებას. აღნიშნულ პერიოდში პროგრამის ფარგლებში, ხსენებული დაწესებულების დირექტორმა და ფარმაცევტმა, ამავე საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებზე ხელოვნურად გაზარდეს გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება, რა გზითაც მოტყუებით დაეუფლნენ ჯამში 108 032 ლარს”, – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.